ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით გაიხსნა გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“. გამოფენა ესტონეთში საქართველოს საელჩოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით და ესტონეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ესტონეთში საქართველოს ელჩმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა იანე ანდერსოომ.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ქართული ანბანის ისტორიისა და უნიკალურობის შესახებ ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართული ანბანი წარდგენილია იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე და 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობამ „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ ეროვნული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
გამოფენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველად მოეწყო, სწორედ ესტონეთში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებს, მათ შორის, კულტურის სფეროში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის სამთავრობო უწყებების, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. გამოფენის გახსნის ცერემონიის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება მიეცა.
„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ორი კვირის მანძილზე იქნება წარმოდგენილი.