გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს. მიზეზებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე განმარტავს. მისი თქმით, ავლაბრის რეზიდენცია კერძო პირის საკუთრება არ არის და ის სახელმწიფოს მეთაურის იმ ფუნქცია მოვალეობების განხორციელებას ემსახურება, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ მაღალი თანამდებობის პირები ქვეყნის ბიუჯეტს რაციონალურად უნდა უდგებოდნენ. სწორედ რაციონალური მიდგომიდან გამომდინარე, დეპუტატისთვის ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია უფრო მისაღებია, თუმცა განსხვავებულია ანი მიროტაძის მოსაზრება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ავლაბრის რეზიდენცია ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პირს, საქართველოს პრეზიდენტს უნდა ეკუთვნოდეს.