ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დღეს სასამართლოს განცხადებით მიმართავს და გუშინდელი სხდომის ვიდეო ჩანაწერს გამოითხოვს. გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სააკაშვილს ბრალდების დადგენილებაში ბრალი 2 მუხლით წარედგინა, რომლიდანაც ერთი კოდექსის ძველ რედაქციაში არ არსებობს. ჩივიაშვილის განმარტებით, პროკურატურა ყველანაირი გზით ცდილობს სააკაშვილის გასამართლებას და საზოგადოება სიცრუეში შეყავს. საქალაქ სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ დღის ბოლოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. უწყებაში განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს კანონის სრული დაცვით. შესაბამისად, პროკურატურის განმარტებით, აღნიშნული საკითხით სპეკულაცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.