ბოლო დროს პანკისის ხეობაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გადაბირების და სირიაში რადიკალი ისლამისტების მხარეს საბრძოლველად გაგზავნის საკითხებთან დაკავშირებით GHN-მა კომენტარი საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელს მექა ხანგოშვილს თხოვა.
ხანგოშვილის განმარტებით, პანკისელი ახალგაზრდების სირიაში წასვლის უმთავრესი მიზეზი არა მათი ფინანსური დაინტერესება, არამედ იდეოლოგიური ფაქტორია, რომელსაც ვაჰაბისტები მათ გადასაბირებლად იყენებენ.
, ვაჰაბისტები მათ იდეოლოგიურად ამუშავებენ, თორემ 16 წლის მოსწავლე სკოლის მერხიდან სხვის ომში საბრძოლველად რომ არ წავა, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ეს რომ იყოს ჩეჩნეთის განთავისუფლების ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა, სხვა საქმეა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არც სამართლიანობისთვის ბრძოლაა, არც - ეროვნულ-განმათავისუფლებელი და არც ჯიჰადი, ეს არის ცალკეული ტერორისტული დაჯგუფების მიერ წარმოებული სასტიკი ბრძოლა. ყველამ მინდა გაიგოს, რომ არავითარი საერთო ამ დაჯგუფებას ტრადიციულ ისლამურ რელიგიასთან არა აქვს. სამწუხაროდ, ამ ბოლო წლებში, ძალიან ხშირად ხდება ისლამის გაიგივება ტერორიზმთან, რაც დაუშვებელია და ისინი ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს” - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში ხანგოშვილმა.
რაც შეეხება, ეკონომიურ დაინტერესებას, მან აღნიშნა, რომ ხეობაში არის მძიმე სოცილაურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თანხას პანკისელ ბავშვებს და მათ ოჯახებს არავინ უხდის და მათი გადაბირებით ხელს ე. წ. ლიდერები ითბობენ.
,,ეს ლიდერები დიდ ფულს რომ არ შოულობდნენ, ასეთ საქმეს არც მოკიდებდნენ ხელს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ იმ ლიდერების შვილები საომრად და თავის გასაწირად არ მიდიან, ისინი თბილად არიან და მათი მამები სირიაში სხვის შვილებს აგზავნიან.
თავად ეს ლიდერები შეიძლება არ ჩადიან პანკისის ხეობაში, მაგრამ იქ მათი დავალების შემსრულებლები რომ არ იყვნენ, ვინ მოამზადებდა ამ ბავშვებს იდეოლოგიურად, ან გზის და პასპორტების ფულს ვინ გადაუხდიდა?
ტელევიზიით ითქვა, რომ ინტერნეტის საშუალებით ხდება ბავშვების გადაბირება და თანხის გადახდა.
არა მგონია, ინტერნეტის საშუალებით ახერხებდნენ ყველა საკითხის მოგვარებას.
ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ვაჰაბისტებმა გამოღმა შედავების პოლიტიკას მიმართეს და მე და ჩემი ოჯახი ლამის ვაჰაბიზმის ფუძემდებლებად გამოგვიყვანეს, მაშინ, როცა ერთ-ერთი პირველები, სწორედ ჩვენ ვიყავით, ვინც მათ წინააღმდეგ ხმა ამოვიღეთ.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ დაბადებიდან მათი იდეოლოგიის წინააღმდეგნი ვარ და ვიდრე სული მიდგას, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საქართველოს საფრთხე არ შეექმნას და ტერორიზმის საშიშროების წინაშე არასდროს დადგეს”, - აღნიშნა ხანგოსვილმა.
რაც შეეხება ბერკეტებს, რომელიც ხელისუფლებამ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა გამოიყენოს, მისი თქმით, ეს ბერკეტები არსებობს და ისინი თავის დროზე უნდა ამოქმედებულიყო.
,,ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, არც ერთ ჩვენს ხელისუფლებას მიზანმიმართული პოლიტიკა პანკისის ხეობასთან დაკავშირებით არასდროს უწარმოებია, თორემ ჩვენ ახლა ასეთი რეალობის წინაშე არ ვიქნებოდით. ბოლო წლების განმავლობაში ბევრჯერ ჩამოვიდა პანკისიდან დელეგაცია, რომელმაც ხელისუფლების წევრებთან შეხვედრა მთხოვა და საკმაოდ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს შევახვედრე. ხეობიდან ჩამოსულები იხვეწებოდნენ, მოგვხედეთ, ხალხო, ძალიან ცუდად არის ხეობაში საქმე. ზედაპირულად რომ სიმშვიდეა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ პრობლემები არ არისო. ამ პრობლემების მოსაგვარებლად თავიანთი ხედვებიც კი გააცნეს ხელისუფლებას და სპეციალური პროგრამაც ჩამოიტანეს, სადაც სხვადასხვა მექანიზმი იყო მითითებული.
ასევე, ითხოვდნენ უხუცესთა საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში.
მათი თხოვნების საპასუხოდ, მთავრობაში თითქოს, რაღაც ძვრები შეინიშნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გათვალა, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა პანკისში დაგროვილ პრობლემებს და, მათი გადაწყვეტა არ იჩქარა.
თუმცა ღა, ვითარების გამოსწორების საშუალებები დღემდე არსებობს და სწორი პოლიტიკის გატარების პირობებში, პანკისის ხეობაში არსებული ნელი მოქმედების ნაღმის გაუვნებელყოფა შესაძლებელია.” - განაცხადა ხანგოშვილმა.