უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პოსტზე არტიომ სიტნიკი დანიშნა.
ის 2008-2011 წლებში კიევის ოლქის პროკურატურის განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2011 წლიდან კი საადვოკატო პრაქტიკას ეწეოდა.
ანტიკორუფციული ბიუროს ახლად არჩეულმა დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ თანამშრომელთა შერჩევისას უპირატესობას იმ კანდიდატებს მიანიჭებს, რომლებიც ამ უწყების ხელმძღვანელობის პრეტენდენტები იყვნენ.
,,დოკუმენტები, რომლებიც სხვა კანდიდატებმა ამ თანამდებობის დასაკავებლად წარადგინეს, ადმინისტრაციაში ინახება. ჩვენ ყველა მათგანს შევისწავლით. იქ, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნებიან ღირსეული ადამიანები, რომელთაგან ზოგს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელობა, ზოგს კი ტექნიკური სამსახურის უფროსობა შეუძლია.
პრინციპში, კადრების შერჩევა სწორედ იმ დოკუმენტების პაკეტიდან დაიწყება, რომელიც კომისიას კონკურსის ჩატარებისას ჰქონდა ხელთ.” - განაცხადა სიტნიკმა.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ასევე არ გამორიცხავს, რომ მის უწყებაში სამუშაოდ, შეიძლება უცხოელებიც მიიღონ.
,,თუ უცხოელებს კორუფციასთან ბრძოლის სათანადო გამოცდილება ექნებათ, რატომაც არა, ჩვენს რიგებში მათაც მივიღებთ.” - აღნიშნა მან.