სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ცნობილია, ცესკოში შექმნილ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის ჯგუფში ჩართული არის ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ახალი თაობა - ახალი ინციატივა.
სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზას ცესკო საარჩევნო სიების ფორმირებისთვის იყენებს. არასამთავრობო სექტორმა სამოქალაქო რეესტრისგან მოითხოვა მონაცემთა ბაზის გასწორების საქმისწარმოების მასალების გაცნობა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს აღნიშნულ მასალები გადასცა.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სიების მონიტორინგის პროცესი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. პოლიტიკური პარტიების მიერ მოწოდებული შენიშვნები სამოქალაქო რეესტრმა მაქსიმალურად გაითვალისწინა და აღმოჩენილი შეცდომებო უკვე გასწორებულია.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, მონაცემთა ბაზაში აღარ არის შეცდომები, ე.წ. მკვდარი სულების თემა უკვე დახურულია, მონაცემთა ბაზა არის სრულყოფილი, ბაზაში არ არის ე.წ. დუბლირებული მონაცემები და ერთ მისამართზე 20-ზე მეტი მოქალაქის რეგისტრაციის ფაქტები შესწორებულია.
"ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო სიზუსტის მონაცემთა ბაზა არსებობს საარჩევნო სიის ფორმირებისთვის. დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გადაეცათ სამოქალაქო რეესტრის მიერ ბაზაში შეცდომების გასწორების მიზნით წარმოებული საქმის მასალები. ჩვენ ვაგრძელებთ 24 საათან რეჟიმში მუშაობას და თუ რაიმე ხარვეზი ისევ გამოვლინდა სრულყოფილი საარჩევნო სიის ფორმირებისთვის ყველა ხარვეზს გავასწორებთ. 1 მაისს კი კანონის თანახმად, ცესკოს კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ მონაცემთა ბაზას", - განაცხადა ვაშაძემ.