"ალიანსი საქართველოსათვის" ლიდერი ირაკლი ალასანია, ალიანსის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე, საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საარჩევნო კოდექსის რეფორმების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში თანამშრომლობის, მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ასევე, ალიანსის ლიდერმა პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებზე, რუსეთის ქმედებებზე და იმ საშიშროებებზე ისაუბრა, რაც რუსეთის მხრიდან პროვოკაციების დაგეგმვით საქართველოზე ხელ-ახალი აგრესიის საფუძველი შეიძლება გახდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურად ჩართვა ამ საკითხის განხილვაში.
შეხვედრაზე, ელჩებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის მედიის თავისუფლების და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების აუცილებლობა და მსგავსი შეხვედრების რეგულარულად ჩატარების სურვილი გამოთქვეს.