ქართული დიასპორების წარმომადგენლები სანკტ-პეტერბურგის საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესს პროტესტს უცხადებენ. ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"სამინისტროში შემოდის ასობით წერილი, რომელშიც უცხოეთში მცხოვრები ქართველები აპროტესტებენ რუსეთში, ქართველი ოლიგარქის ალექსანდრე ებრალიძისა და რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას. დიასპორების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ დიასპორის შეკრების ადგილი არის მხოლოდ საქართველო და ეს ადგილი ვერ გახდება ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის, პუტინის საყვარელი ქალაქი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, მან უცხოეთში მცხობრები ქართველების მიერ სამინისტროსთვის გაგზავნილი რამდენიმე წერილიც წარმოადგინა.
"ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი სამინისტროში შემოსული საპროტესტო წერილებისა", - განმარტა ნადირაძე, რომლის თქმითაც, ქართული დიასპორების წარმომადგენლები 27 მაისს, თბილისში, დიასპორის დღის აღსანიშნავად ჩამოვლენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო კონგრესი 23-24 აპრილს, სანკტ-პეტერბურგშია დაგეგმილი.