პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანს" გამოეხმაურა, რომლის მთავარი თემა 14 აპრილს პანკისიდან სირიაში წასულ ახალგაზრდებზე იყო და აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ამგვარი მასკარადების, შოუების დადგმა არის ყოვლად ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.
,,გუშინ, "რუსთავი 2"-ზე ვუყურე რაღაც შოუს. ყველას მოგიწოდებთ მეგობრებო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ამგვარი მასკარადებისა და ასეთი უპასუხისმგებლო შოუების დადგმა არის ყოვლად ანტისახელმწიფოებრივი. მინდა, ეს ყველამ გაითვალისიწინოს, ვინც ამას გეგმავს. ეს არის საკითხი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს აწუხებს და ამის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა შეუძლებელია, ამიტომ ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, 100-ზე მეტი მკვიდრი ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე გავიდა სირიაში, ახალი მთავრობის პირობებში კი სულ რამდენიმე ახალგაზრდა გადაადგილდა თურქეთის მიმართულებით, საიდანაც სავარაუდოდ გადავიდნენ სირიაში.