სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ცნობილია, ცესკოში შექმნილ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის ჯგუფში ჩართული არის ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ახალი თაობა - ახალი ინციატივა.
სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზას ცესკო საარჩევნო სიების ფორმირებისთვის იყენებს. არასამთავრობო სექტორმა სამოქალაქო რეესტრისგან მოითხოვა მონაცემთა ბაზის გასწორების საქმისწარმოების მასალების გაცნობა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს აღნიშნულ მასალები გადასცა.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სიების მონიტორინგის პროცესი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. პოლიტიკური პარტიების მიერ მოწოდებული შენიშვნები სამოქალაქო რეესტრმა მაქსიმალურად გაითვალისწინა და აღმოჩენილი შეცდომებო უკვე გასწორებულია.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, მონაცემთა ბაზაში აღარ არის შეცდომები, ე.წ. მკვდარი სულების თემა უკვე დახურულია, მონაცემთა ბაზა არის სრულყოფილი, ბაზაში არ არის ე.წ. დუბლირებული მონაცემები და ერთ მისამართზე 20-ზე მეტი მოქალაქის რეგისტრაციის ფაქტები შესწორებულია.
`ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო სიზუსტის მონაცემთა ბაზა არსებობს საარჩევნო სიის ფორმირებისთვის. დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გადაეცათ სამოქალაქო რეესტრის მიერ ბაზაში შეცდომების გასწორების მიზნით წარმოებული საქმის მასალები. ჩვენ ვაგრძელებთ 24 საათან რეჟიმში მუშაობას და თუ რაიმე ხარვეზი ისევ გამოვლინდა სრულყოფილი საარჩევნო სიის ფორმირებისთვის ყველა ხარვეზს გავასწორებთ. 1 მაისს კი კანონის თანახმად, ცესკოს კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ მონაცემთა ბაზას~,-განაცხადა ვაშაძემ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს~ წარმომადგენელმა ნინა ხატისკაცმა განაცხადა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საარჩევნო სიების სრულყოფისთვის ცესკოც და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოც აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან.
მისი თქმით, მართალია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უშუალოდ სიების მონიტორინგს არ აკეთებენ, მაგრამ არასამთავრობოები რეკომენდაციებისა და გადამოწმების დონეზე ჩართულები არიან ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირებაში.
`ასეთ მცირე დროში სამოქალაქო რეესტრის მიერ ჩატარებული სამუშაოები სიების ხარისხის გაზრდის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სიები იმდენად დიდი მოცულობის არის, რომ ორ თვეში სრულყოფილი მონიტორინგი ურთულესია,~-აღნიშნა ხატისკაცმა.
`ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ ხელმძღვანელის თამარ ხიდაშელის განცხადებით, სამოქალაქო რეესტრმა არასამთავრობო სექტორს 100 საქმის მასალა გადასცა, რომელიც მესაკუთრის თანხმობით მოქალაქეთა რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტებს შეეხება. საია აქედან 20-მდე ბინას შეარჩევს და გადამოწმების მიზნით, მესაკუთრეებს გაესაუბრებიან.
`ახალი თაობა - ახალი ინციატივა~-ს წარმომადგენლის ეკა აბჟანდაძის განცხადებით, აღსანიშნავია ის, რომ სამოქალაქო რეესტრმა მართლაც დიდი სამუშაობი შეასრულა ერთიანი საარჩევნო სიების ფორმირების კუთხით.