ნეპოტიზმის კრიმინალიზაციას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-ს ინიციატივას ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი განიხილავდა.
კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, ახალი ნორმის შემოღება ბევრ ხარვეზს გამოიწვევს, რადგან მსგავსი ქმედება დღევანდელი კანონმდებლობითაც არის დასჯადი.
„ახალი ნორმის შემოღება გამოიწვევს ბევრ ხარვეზს. კერძოდ, არათანაბარ პირობებში შეიძლება ჩადგნენ სამოხელეო დანაშაულის ჩამდენი სუბიექტები და მეორე მხრივ საჭირო იქნება ყველა ცალკეული შემთხვევის კანონში ჩაწერა. თუმცა, ასევე გვექნება რეკომენდაციები, რომ მოხდეს სისტემური გაანალიზება, მსგავსი პრობლემები თუ არსებობს საკანონმდებლო პრაქტიკის თვალსაზრისით”, _აცახდებს ბესელია.
აღნიშნული ინიციატივა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტია.
აღნიშნული წინადადებით შემოთავაზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 332-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 3321-ე მუხლი, რომლის მიხედვით, დასჯადი იქნება საჯარო სამსახურში მიღებისას კონკრეტული პირისათვის უპირატესობის მინიჭებისა და სხვა კანდიდატისათვის ხელის შეშლის მიზნით დადგენილი კონკურსის წესების განზრახ დარღვევა სხვადასხვა ქმედებებით, მათ შორის, კონკურსის ჩაშლით.
ასევე დასჯადი ხდება პირის მიერ ვაკანტური თანამდებობის დაკავება ზემოთ აღნიშნული კანონდარღვევის შედეგად, თუ ეს დარღვევა მისთვის ცნობილი იყო.