"სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის" ხელმძღვანელები და კომპანიის ადვოკატი გოჩა სვანიძე სასამართლოში შპს "ადითისა" და "სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის" დავასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენციას გამართავენ.
შპს "სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფსა" და შპს "ადითს" შორის დავა სამედიცინო მომსახურებების ხარჯების ანაზღაურებისგან გამომდინარეობს. ამასთან, სადაზღვევო კომპანიის ინფორმაციით, არსებობს ეჭვები არაკეთილსინდისიერი ბიზნესისა და საქმით მოსამართლის დაინტერესებას შორის.
"შპს "სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფსა" და შპს "ადითს" შორის დავა გამომდინარეობს სამედიცინო მომსახურებების ხარჯების ანაზღაურებისგან. სამედიცინო დაწესებულების მიერ ხდებოდა გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ხელოვნურად გაზრდა, რაც დადასტურდა კიდეც სადაზღვევო კომპანიის ინსპექტირების ჯგუფის მიერ ჩატარებული ინსპექტირებით. ამოღებულია მთელი რიგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ხდებოდა სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება. მიუხედავად ამისა, აი სი ჯგუფმა ადითს შესთავაზა თანხების დაფარვა ადითის თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების დავალიანების პირდაპირი დაფარვის გზით, ვინაიდან, არსებობდა ვარაუდი, რომ ადითი აღნიშნულ თანხებს სხვა მიზნებისთვის გამოიყენებდა. ჩვენი ეჭვი გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ადითმა დაუსაბუთებლად უარი განაცხადა ასეთ შეთავაზებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ადითსა და აი სი ჯგუფს შორის ურთიერთობა გამომდინარეობს მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებიდან, ადითი ყოვლად დაუსაბუთებლად ითხოვს რამდენიმე მილიონი ლარის ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება იმ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობას, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენდა ადითის ვალდებულებას, კერძოდ, სამედიცინო მომსახურების მომწოდებელს წარმოადგენს შპს "ადითი", ხოლო სახელმწიფოს წინაშე საინვესტიციო ვალდებულებები, რომლის შეუსრულებლობასაც ადითი უკავშირებს აისი ჯგუფის მიერ სამედიცინო მომსახურების თანხების აუნაზღაურებლობას, ეკისრებოდა შპს "ჰოსპიტლების ოპერირების საერთაშორის საწარმოს", რომელსაც საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებისთვის პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა შპს "ჯანმრთელობა 2010"-ის, მანამდე სახელწოდება - შპს "ადითი", ახლანდელი სახელწოდება - შპს "რეგიონალური ჰოსპიტალი") 100%-იანი წილი, მაგრამ საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით #1/1-720 ცალმხრივად მოიშალა ხელშეკრულება და წილი დაუბრუნდა სახელმწიფოს. შესაბამისად, სინვესტიციო ვალდებულებებთან შპს "ადითის", როგორც სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს კავშირი არ ჰქონია.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა სასამართლომ დაუშვა უხეში "შეცდომა" და უზრუნველყოფის საშუალებებად გამოიყენა აი სი ჯგუფის შვილობილი კომპანიების ქონება, რომელთაც ადითთან არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებდათ. შესაბამისად, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გონივრული, იყო უკანონო და არ ემსახურებოდა მოთხოვნის შესრულების მიზნებს. აღნიშნული დაადასტურა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და დაადგინა, რომ აისი ჯგუფის ფინანსური მდგომარეობის (მყარი ფინანსური ინსტიტუტი) გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის არა ის ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფდა სარჩელს და მნიშვნელოვნად შემცირდა გამოყენებული უზრუნველყოფის საშუალების ფორმაც და მოცულობაც.
საქმე იმაშია, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბატონმა სულაკაძემ თავიდანვე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიული თვალსაზრისით სრული ნონსენსი იყო, მან ადითის მოთხოვნით ყადაღა დაადო არა მხოლოდ აი სი ჯგუფის ქონებას, არამედ აი სი ჯგუფის მონაწილეობით შექმნილ ყველა შვილობილი კომპანიის ყველა ქონებას.
ამის შემდეგ ადითმა აქტიურად დაიწყო შვილობილ კომპანიებში წილის მოთხოვნა ყადაღის მოხსნის სანაცვლოდ, რაც არა ერთხელ გაცხადდა სასამართლოს სხდომებზეც.
ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ დაკარგა ნდობა თავისი გადაწყვეტილებებით, ჩვენ მივმართეთ იუსტიციის საბჭოს შესაბამისი საჩივრით და ასევე მოვითხოვეთ მოსამართლისგან აეცილებინა აღნიშნული დავა, შესაბამისი საჩივრის განხილვამდე, რაც ვფიქრობდით, რომ მისი მხრიდან საქმეში ობიექტურობის დადგენისთვის გადადგმული ბუნებრივი გადაწვეტილება იქნებოდა, მაგრამ ბატონმა სულაკაძემ ჩვენთვის გასაკვირად აცილებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი საქმე იმაშია, რომ ადითის ძირითადი პარტნიორის, ქალბატონ ლენა ლევინის ადვოკატი შუამდგომლობის წარდგენისას იყო ბატონი დავით ასათიანი (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი ყოფილი კანდიდატი), რომლის სახლის მისამართზეც ამჟამად არის დარეგისტრირებული შპს ადითი. საგულისხმოა, რომ ადითის დამფუძნებელი იურიდიული პირი ისრაელშია რეგისტრირებული და ჩვენ მის საბოლოო ბენეფიციარ ფიზიკურ პირებამდე ვერ გავედით, თუმცა არ გაგვიკვირდება თუ მასში ქართველ ფიზიკურ პირებს აღმოვაჩენთ, რომლებიც ამ სასამართლო პროცესში არიან ჩართულები ან მათთან დაკავშირებულ პირებს.
რაც შეეხება ბატონი ასათიანისა და ბატონი სულაკაძის ურთიერთობებს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი არიან მეგობრები (კლასელები) და ორივეს ქუთაისის მე-3 სკოლა აქვთ დამთავრებული, ორივე ერთსა და იმავე დროს სწავლობდა თსუ-ში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე და მათი ოჯახის წევრები სოციალურ ქსელშიც არ მალავენ მეგობრობის ფაქტს.
ასე რომ დღეისათვის ჩვენთვის გასაგებია ბატონი სულაკაძის მოტივაციები გადწყვეტილებების მიღებისას. შესაბამისად ჩვენ სამშაბათს კიდევ ერთხელ ვაპირებთ, ზემოთ აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, დავაყენოთ შუამდგომლობა სასამართლოში ბატონი სულაკაძის აცილების თაობაზე.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს მოსამართლის მიუკერძოებლობის შესახებ იმ საფუძვლიან ეჭვს, რომელიც ობიექტურად გაჩნდა მოცემულ საქმეში და ხელს უშლის სასამართლოსადმი ნდობას",-ნათქვამია შპს "სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.