სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს თანამშრომლობის ფარგლებში ჟურნალის "საარქივო მოამბეს" მერვე, სპეციალური ნომერი გამოუშვა, რომელიც მართმადიდებლურ თემატიკას ეძღვნება.
160 გვერდიანი, ორენოვანი ჟურნალის პრეზენტაცია დღეს, 20 აპრილს 18:00 საათზე, წმინდა სამების ტაძარში - საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართება, რომელსაც შსს ხელმძღვანელი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი ისტორიკოსები, მეცნიერ-მუშაკები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.
პრეზენტაციას შსს საარქივო სამმართველოს უფროსი ომარ თუშურაშვილი გახსნის, ასევე სიტყვით გამოვლენ ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარე ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი მეუფე ელისე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მეუფე სტეფანე.