"ქრისტიან-დემოკრატები" უახლოეს პერიოდში შეხვედრას გამართავენ საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელთან გელა ბეჟუაშვილთან. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია საგარეო დაზვერვის შეფთან შეხვედრის გამართვა, რადგან ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება ამ უწყების დაფინანსება და იმედოვნებს, რომ "ხელისუფლება გააცნობიერებს ამ სტრუქტურის მნიშვნელობას და უწყების დაფინანსება თუ არ გაიზრდება არ შემცირდება მაინც".
თარგამაძე აცხადებს, რომ მთავრობაში მზადდება ორი ახალი კანონპროექტი დაზვერვის შესახებ და აცხადებს, რომ ეს თემა უნდა გახდეს მსჯელობის საგანი.
კანონპროექტები ჯერჯერობით არ არის დასრულებული და შესაბამისად უცნობია კონკრეტულად რა საკითხებს ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ დაზვერვასთან დაკავშირებული საკითხები უნდა შეთანხმდეს თავად ამ უწყების
ხელმძღვანელთან.
შეგახსენებთ რომ 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, საგარეო დაზვერვის 6 მილიონიანი დაფინანსება 200 ათასით მცირდება.