პროფკავშირები დღეს ზესტაფონსა და ჭიათურაში გამაფრთხილებელ გაფიცვებს გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, დღეს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის 600-მდე თანამშრომელი გაიფიცება.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მხოლოდ მუდმივ პროცესში მყოფი დანადგარები არ გაჩერდება და შესაბამისად, მასზე მომუშავე პერსონალი არ გაიფიცება.
გაფიცვის მიზეზად კი პროფკავშირებში ბოლო დროს გახშირებულ უბედურ შემთხვევებს და საწარმოო ტრავმებს ასახელებენ.
"პროფკავშირებმა და მაღაროელებმა გახშირებული დევნის ფაქტების გამო ერთობლივი ზომების მიღება გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ პრობლემების მოგვარების გზებზე შეხვედრები ჭიათურასა და ზესტაფონში თვალთვალის და ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა", _ აცხადებენ პროფკავშირებში.