საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. აზერბაიჯანში გამართულ ჩემპიონატზე მედალი მხოლოდ 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სოსო ჯაბიძემ მოიპოვა. ნაკრების დებიუტანტმა გადამწყვეტ ბრძოლაში პოლონელ ანდრეი დებერნის სძლია.
ფინალში გასვლის შანსი ჯაბიძემ მეოთხედფინალში, მომავალ ჩემპიონთან, რუს ასლანბეკ ხუშტოვთან წაგებით დაკარგა. რეპეშაჟში გადართულმა კი, მე-3 ადგილისთვის გამართულ ჭიდაობაში აზერბაიჯანელი საბუჰი ჰუმბატოვი ჩამოიცილა.
დღესვე, აზერბაიჯანულ ხალიჩაზე არსენ კახაბრიშვილი (84 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილიც (120 კგ) გავიდნენ. კახაბრიშვილი მერვედფინალში, გერმანელ იან ფიშერთან დამარცხდა და სულ მალე, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა, რადგან ფინალამდე მისვლა ვერც ამ გერმანელმა შეძლო. ჯავახიშვილის მეოთხედფინალში მძლეველმა, თურქმა რიზა კაიაალპმა კი შემდეგი მეტოქეც ჩამოიცილა და ქართველ მძიმეწონოსანს დამამშვიდებელი ეტაპის გზა გაეხსნა, მაგრამ რეპეშაჟის პირველსავე წრეში დამარცხდა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 27 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა.