ციაგაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ქუმარიტაშვილის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნაში ტერმინი "სპორტსმენის შეცდომა" აღარ ფიგურირებს.
ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ ოლიმპიურ კომიტეტს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დაღუპული ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების დასკვნა გადაუგზავნა. აღნიშნულ დასკვნაში აღარ ფიგურირებს ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის პირველადი განცხადება, სადაც ათლეტის დაღუპვის მიზეზად მისი შეცდომა სახელდებოდა. აღნიშნული დასკვნა ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დასკვნაში ნათქვამაია, რომ სპორტსმენის დაღუპვის მიზეზი კომპლექსურია და აქ მხოლოდ ერთი მხრის დანაშაულზე ან შეცდომაზე საუბარი არ შეიძლება. დასკვნის მიხედვით ტრაგედია გარკვეული გარემოებების სერიამ გამოიწვია, რომელსაც კონკრეტული დამნაშვე არ ჰყავს. დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სპორტსმენის დაღუპვის მიზეზი "გაუთვალისწინებელი უბედური შემთხვევა" იყო.
გამოძიების დასკვნის ავტორები, ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ფედერაცია გააგრძელებს ქუმარიტაშვილის ოჯახის დახმარებასა და მხარდაჭერას. მათი თქმით, საქართველოში აუცილებლად გაიხსენება ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასა, რომელიც ქართველი სპორტსმენის უკვდავსაყოფად აშენდება.
შეგახსნებთ, რომ დასკვნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის, კანადის ციგაობის ფედერაციის და კანადის სამეფო-სამთო პოლიციის მხარდაჭერით, ციაგაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მომზადდა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი ამა წლის 12 თებერვალს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, "უისტლერის" ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა.