ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, თანამშრომლებთან ერთად, დღეს ვანის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრი დევნილებს დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმასა და სამომავლო ღონისძიებებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სიტყვა - დევნილებისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემა ეტაპობრივად ყველას შეეხება.
აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 51 ოჯახი, 84 ადამიანი ცხოვრობს. ისინი საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებს უახლოეს დღეებში მიიღებენ.
ლიანა დარციმელია, აფხაზეთიდან დევნილი: "17 წელია, აქ ვცხოვრობთ და არავის გავხსენებივართ. Gჩვენი მთავარი პრობლემა კანალიზაცია და საკუთრება იყო. სამინისტროს მივმართეთ. ხედავთ, რომ კანალიზაციის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა გადაგვიხურეს და ფართის საკუთრებაში გადაცემაც დასრულებულია. ახლა საჯარო რეესტრიდან ამონაწერს ველოდებით. უკვე საკუთრება გაგვაჩნია. თუ გაზიფიცირებაშიც დაგვეხმარებიან, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის."
კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პროცესი სხვა კომპაქტურ ჩასახლებებშიც გაგრძელდება: "აღნიშნულ ობიექტში მცხოვრებ დევნილებს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ეს ფართი საკუთრებაში გადაეცათ. ხედავთ, რომ შენობის გადახურვა დასრულდა, ასევე გაკეთდა წყალგაყვანილობა, მოწესრიგდა ელექტროობა და საკანალიზაციო სისტემები. დაახლოებით სამ ოთხ თვეში ინდივიდუალური გამრიცხველიანება ექნებათ და ელექტროენერგიის საფასურს უკვე უპრობლემოდ გადაიხდიან. ეს პროცესი გრძელდება და როგორც აქ, ისე სხვა კომპაქტურ ჩასახლებებში, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ იგივე პროგრამა შეეხებათ."