დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია მცხეთის მეორე საჯარო სკოლაში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კაბინეტის გახსნას დაესწრნენ.
როგორც ცნობილია, აღნიშნული პროგრამა პილოტურია და ამ ეტაპზე ასეთი კაბინეტები რუსთავის, მცხეთის და თბილისის 15 სკოლაში გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, განათლების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალ სასწავლო კურსი შეიმუშავა.
ახალი სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო თავდაცვა, საგზაო უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ქართული ჯარის ისტორია და ქართული არმიის შეიარაღების გაცნობა. ამასთან, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო პროცესში ჩართულნი იყვნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები.
სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე განათლების სამინისტროს მიერ შეირჩა საპილოტე სკოლები, რომლებშიც სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლება განხორციელდება. მიღებული პილოტირების შედეგების ანალიზის შედეგად, სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი საბოლოო სახით ჩამოყალიბდება და ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სავალდებულო საგანი გახდება.