დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა წამოიწყო პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის მხარდამჭერი 20 მილიონ ფუნტ სტერლინგის ოდენობის ფონდის შექმნას გულისხმობს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Press Association-ი თავის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, მთავრობის მტკიცებით, ამ ფონდის მთავარი მექანიზმი ,,მორიგი უკრაინის” თავიდან ასაცილებლად გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელებაა.
,,სქემა თავიდანვე საქართველოსა და მოლდოვაზე, ასევე სერბიასა და ბოსნია-ჰერცოგოვინაზე იქნება ფოკუსირებული. ამასთან ფონდი უკრაინისთვის დახმარების გაწევასაც კვლავინდებურად გააგრძელებს.” - ნათქვამია სააგენტოს მიერ დაბეჭდილ პუბლიკაციაში.
უკვე დღეისთვის, ფონდიდან (Good Governance Fund) უკრაინაში სამოქალაქო ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით 7, 35 მლნ აშშ დოლარი) იხარჯება.
ქემერონის ინიციატივით, ფონდი კიდევ 15 მილიონი ფუნტით გაიზრდება და ეს თანხა ჩამოთვლილ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას მოხმარდება.
Good Governance Fund -ი ,,ცივი ომის” დროინდელ პროგრამაზე იქნება დაფუძნებული, რომლის ინიციატორიც, თავის დროზე, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი იყო.
ხსენებული პროგრამა 1989 წელს საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და მისი გავლენის ქვეშ მყოფ უნგრეთში, პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიაში სამოქალაქო ინსტიტუტების, საბაზრო ეკონომიკისა და სახელმწიფოს ეფექტური მართვის მხარდასაჭერად და განსავითარებლად შეიქმნა.