პარლამენტის თავმჯდომარე ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ასეთი ფაქტების თავიდან აცილება უნდა შეეძლოს.
" ამგვარი მოქმედებები არის დაუშვებელი ქვეყანაში. თუ ვინმე პროვოკაციას სჩადის, მას არ უნდა მივცეთ პროვოკაციის ჩადენის საშუალება. თუ პროვოკაციაზე ვეგებით, მაშინ არც ჩვენი საქმეა კარგად. თავისთავად, ამ ტიპის მოვლენები მაქსიმალურად უნდა იქნეს აცილებული. დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო უწყებები ძალიან მალე გვეტყვიან, რა მოხდა და რაშია საქმე," - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
ზუგდიდში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
შსს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მშვიდობიანი აქცია გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა პოლიციის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. აღნიშნული აქციის დასრულების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ცენტრი"-ს ოფისთან პროვოკაციული ქმედებების შედეგად, აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორივე მხარის ხუთმა წარმომადგენელმა და ორმა პოლიციელმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. პოლიციის თანამშრომლების აქტიური ჩარევის შედეგად სიტუაცია განიმუხტა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაულის ჩამდენი პირების მხილების მიზნით, მიმდინარეობს მედიის საშუალებით გავრცელებული ვიდეოფირების შესწავლა, მოწმეთა დაკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიების შედეგად დადგენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და კანონის ფარგლებში იმოქმედონ.