პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" ფორმატში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო გვენეტაძეს შეხვდა.
უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ უზენაეს სასამართლოს ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება.
"ამ კვირაში პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც პარლამენტი მიიღებს. ეს არ არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება კოლეგიალურია. პროცესი ძალიან ღია იყო, საკმაოდ ხანგრძლივი და შესაძლოა, ზედმეტად ხანგრძლივიც კი. ვისაც სურდა ინფორმაცია მიეღო და საკუთარი პოზიცია ჩამოეყალიბებინა, ამის შესაძლებლობა ჰქონდა. ასე რომ, ყველაფერი კენჭისყრით გაირკვევა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება. ჩვენ ამის წინაპირობა და საშუალება გვაქვს"_განაცხადა ჟურნალისტებთან უსუფაშვილმა.