წმინდა 100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში მომლოცველთა მსვლელობა მოეწყო.
მსვლეობა ყვავილებითა და ხატებით წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრიდან დილით დაიწყო და მეტეხის ხიდთან დასრულდა.
მეტეხის ხიდზე - 100 ათასი ქართველის წამების ადგილზე ლექსი "ასი ათასი ვარსკვლავი" წაიკითხეს. შესრულდა შესაბამისი საგალობლებიც, რის შემდეგაც მეტეხის ხიდიდან, მოწამეების სულის მოსახსენიებლად, მსვლელობის მონაწილეებმა მტკვარში ტრადიციულად, ყვავილები გადაყარეს.
100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმსობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.