რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ თავის მეომრებს არამარტო საკუთარ, არამედ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოდან მიტაცებულ იარაღსაც აწვდის.
ამის შესახებ ,,რადიო თავისუფლებას” შეიარაღების სფეროს მკვლევარმა, ექსპერტმა სიმონ ვიოზემანმა განუცხადა.
მსოფლიოს პრობლემების კვლევების სტოკჰოლმის ინსტიტუტის ექსპერტთა მიერ იარაღის საერთაშორისო ბაზრის ტენდეციებზე გაკეთებული ბოლო ანგარიშით, რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ არმიას 75-მდე საბრძოლო ტექნიკა გადასცა.
უფრო კონკრეტულად, რუსეთმა სეპარატისტებს 50 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი ,,კორნეტი,” 5 ჯავშანმანქანა БТР-82 А, 10 გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ,,გრომ”-ი, და 10 ჯავშანტრანსპორტიორი T-72 მიაწოდა.
ამ ანგარიშის ავტორი სიმონ ვიოზემანი აღნიშნავს, რომ საკმაოდ რთულია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენ და რა სახის იარაღს ფლობენ დონბასში სეპარატისტული მიზნებისთვის მებრძოლი მეომრები.
ამასთან, ექსპერტი ამტკიცებს, რომ პრორუსი მებრძოლების ხელში არსებული იარაღის უმეტესობა იგივეა, რაც უკრაინის არმიას გააჩნია.
,,მათ შეეძლოთ ეს იარაღი საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინული არმიის ნაწილებისთვის წაერთმიათ ან უკრაინის სამხედრო ბაზებიდან გაეტაცათ.” - აცხადებს ვიოზემანი.
თუმცა, მისი თქმით, ზოგიერთი სახეობის იარაღი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ პრორუს ძალებს აღმოაჩნდათ, უკრაინაში 2014 წლამდე არ არსებობდა.
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მეომრებს ისეთი ჯავშანტექნიკა ყავთ, რომელთაც დღეს რუსეთში აწარმოებენ და უკრაინაში მხოლოდ რუსეთიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო.
ექსპერტების აზრით, სეპარატისტების ხელში აღმოჩენილმა ზოგიერთმა იარაღმა, დონბასში მოხვედრამდე, სავარაუდოდ საკმაოდ გრძელი გზა გაიარა.
,,აქვთ ისეთი რაკეტები, რომელსაც პოლონეთში აწარმოებენ და რომელთა ნაწილი 2007 წელს საქართველოში იყო ექსპორტირებული. 2008 წელს რუსეთის არმიამ ეს რაკეტები საქართველოდან მიიტაცა. ახლა აღნიშნული იარაღი დონბასელი ამბოხებულების ხელშია.” - განაცხადა სიმონ ვიოზემანმა და აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის არმიას იარაღით ნამდვილად არ მოამარაგებდა. ამდენად, გასაგებია, რომ რაკეტები დონბასელი სეპარატისტების ხელში რუსეთიდან მოხვდა.
ექსპერტები იარაღების წარმომავლობას იმ ფოტო და ვიდეომასალის მეშვეობით სწავლობენ, რომელსაც პრორუსი მეომრები თავიანთ საიტებსა და სოციალური ქსელების პირად გვერდებზე ავრცელებენ.
ზოგიერთ საომარ ტექნიკას თავისი სარეგისტრაციო ნომერი და განმსაზღვრელი ნიშანი გააჩნია, რომლის მიხედვითაც ექსპერტს იარაღის წარმომავლობის დადგენა შეუძლია.