17 აპრილს ბაქოს სპორტული კომპლექსის ხალიჩა ბერძენ-რომაელებს დაეთმოთ. ორდღიანი ევროპირველობის პირველ დღეს მედლები 55, 60, 66 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა, მაგრამ ქართველებმა ვერცერთ წონაში მედლის მოპოვება ვერ შეძლეს. სამეულში მოხვედრის ყველაზე რეალური შანსი ლაშა გოგიტაძესა (55 კგ) და ანტონ მამაგეიშვილს (66 კგ) ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ ორივე რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
60 კილოგრამში მოჭიდავე რევაზ ლაშხი ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა და რადგან ვერც მისმა მძლეველმა, რუმინელმა ეუსებიუ იანკუ დიაკონუმ მოახერხა ფინალში გასვლა, ქართველს დამამშვიდებელ ეტაპზე გადართვის შესაძლებლობაც აღარ მიეცა.
გენადი გოგიშვილმა (74 კგ) ჩემპიონატზე მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა. ჯერ მერვედფინალში, მომავალ ჩემპიონთან, ბელარუს ალექსანდრ კიკინიუსთან დამარცხდა, ხოლო შემდეგ, დამამშვიდებელ ეტაპზეც პირველსავე წრეში წააგო მომავალ ბრინჯაოსანთან, უკრაინელ დმიტრო პიშკოვთან.
ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს - 18 აპრილს ჩემპიონ-პრიზიორები კლასიკოსთა დარჩენილ 3 წონაში გამოვლინდებიან. ქართველთაგან კი მედლებისთვის ბრძოლაში არსენ კახაბრიშვილი (84 კგ), სოსო ჯაბიძე (96 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120 კგ) ჩაერთვებიან. ოთხი წონის დაჯამებული შედეგის თანახმად საქართველოს ნაკრებს 16 ქულა აქვს და გუნდურ ჩათვლაში მე-6 ადგილზეა.