საქალაქო სასამართლო სამედიცინო ექსპერტლევან ჩაჩუას საქმეზე განცხადებას ავრცელებს, სადაც მითითებულია, რომ 16 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ საქართველოს სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურში გვამების ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.ლევან ჩაჩუას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქმე ეხება 2005 წლის 03 თებერვალს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის დასკვნის გაცემას კერძოდ, მას ბრალი ედებოდა იმაში, რომ ზემოხსენებული ექსპერტიზის ჩატარებისას არ განახორციელა გამოსაკვლევი ობიექტის სრული და დეტალური დათვალიერება-აღწერა და რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში სრულყოფილად და ობიექტურად არ ასახა გვამების დათვალიერებისას სხეულზე არსებული გამოსაკვლევი საეჭვო კონკრეტული უბნები, რითაც ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარებას და არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
სასამართლოს ინფორმაციით, საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა ლევან ჩაჩუამ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 20 სასამართლო სხდომა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდების 24 და დაცვის 6 მოწმე, მათგან თავად ბრალდებული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას, საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბრალდებული ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ სცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.