მთავრობა რეგიონების განვითარებისთვის ახალი პროექტის განხორციელების იწყებს. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ახალი პროექტი რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარებისკენ არის მიმართული.
”მიგვაჩნია, რომ ეს არის საქართველოს ეკონომიკური წინსვლისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც რეალური შედეგების მომტანი უნდა გახდეს. ამ ახალი პროექტის განხორციელებას უნდა მოჰყვეს ადგილებზე, რეგიონებში ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება, ადამიანების დასაქმება და ჩვენი მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ სრულად შეისწავლა ყველა რეგიონის შესაძლებლობები - ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური რესურსები. და დღეს უკვე გვაქვს დეტალური სურათი, თუ რა არის საჭირო თითოეული რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ამ პროექტის განხორციელებას სამცხე-ჯავახეთიდან ვიწყებთ. მოგეხსენებათ, ეს არის საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი თავისი მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, ლანდშაფტითა და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობით. ამიტომ ამ რეგიონის განვითარების პერსპექტივა ძალიან დამაიმედებელია”, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის პოტენციალის შესწავლის შემდეგ, რეგიონის განვითარებისთვის სამი ძირითადი მიმართულება დაასახელა.
”ეს გახლავთ სოფლის მეურნეობა, მეწარმეობა და ტურიზმი, რომლის განვითარებაც ფეხზე დააყენებს რეგიონს. თქვენ იცით, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მთავრობა უკვე ახორციელებს არაერთ პროექტს. ძალიან წარმატებული პროექტები განვახორციელეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს სამცხე-ჯავახეთის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გამოსაყენებლად და ყველა რესურსის სრულად ასათვისებლად. სამცხე-ჯავახეთში გამოიკვეთა ძალიან კარგი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოების ასამუშავებლად და ამ მხრივაც საინტერესო არჩევანი არსებობს ხე-ტყის დამუშავების, ავეჯის წარმოების და ბუნებრივი რესურსების ათვისების მიმართულებით”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მანვე ბიზნესმენებს ახალციხის მაუდ-კამვოლის საწარმო, ახალდაბის საავეჯო ფაბრიკა, ნინოწმინდის სამკერვალო ფაბრიკა შესთავაზა, რომელთა აღდგენა და ამუშავება, რეგიონის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს და ბიზნესისთვისაც მომგებიანი იქნება.
”რატომ უნდა იყოს ასეთი პოტენციალის საწარმოები გაჩერებული? მე პირადად ვთავაზობ მხარდაჭერას ყველა ინვესტორს, ვინც ამ საწარმოებით დაინტერესდება. რაც შეეხება ტურიზმს, სამცხე-ჯავახეთს ამ მხრივ აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ამ მხარეში, შეუძლებელია არ მოიხიბლოს მისი უნიკალურობით - მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობითა და გამორჩეული გეოგრაფიული ლანდშაფტით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები ტურიზმის განვითარებისათვის და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს ამ დარგით დაინტერესებულ ბიზნესს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალი პროექტის წარმატებით განხორციელება გამოაცოცხლებს რეგიონს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და საფუძველს ჩაუყრის ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.