დღეს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება.
17 აპრილს მედლები 55, 60, 66 და 74 კილოგრამებში გათამაშდება, 18-ში კი ჩემპიონ-პრიზიორებს დარჩენილ სამ წონაში - 84, 96 და 120 კილოგრამებში გამოვლენ.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბათუმის 2-კვირიანი შეკრება დაასრულა და ბაქოში გაემგზავრა. ბეგი დარჩიას გუნდი ევროპის ჩემპიონატში 17-18 აპრილს ჩერთვება.
მთავარმა მწვრთნელმა ევროშემადგენლობა ჯერ კიდევ ბათუმში ჩასვლამდე გამოაცხადა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბადრი ხასაიას (84 კგ) ჭიდაობა გამოირიცხა. ხასაიას შემცვლელი შეკრების მიწურულს დასახელდა.
სიას ახალგაზრდებს შორის ევროპის პრიზიორი არსენ კახაბრიშვილი დაემატა. ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. გუნდს ტიტულოვანი მოჭიდავეები: დავით ბედინაძე (60 კგ), მანუჩარ ცხადაია (66 კგ), მანუჩარ კვირკველია (74 კგ) და რამაზ ნოზაძე (96 კგ) დააკლდებიან.
საქართველოს კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ბაქოში ასეთია: 55 კგ - ლაშა გოგიტაძე; 60 კგ - რევაზ ლაშხი; 66 კგ - ანტონ მამაგეიშვილი; 74 კგ - გენადი გოგიშვილი; 84 კგ - არსენ კახაბრიშვილი; 96 კგ - სოსო ჯიბლაძე; 120კგ -დიმიტრი ჯავახიშვილი.