ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით, ჩეჩნეთში კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.
ამის შესახებ გამოცემა ,,როსბალტი” იტყობინება და საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ერთ-ერთი დაკავებული ჩეჩნეთის ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე მაღალი თანამდებობის პირის ბიძაშვილია.
,,ეს პირები გამოძიების თვალთახედვაში მოხვდნენ, რადგან იმათ სიაში იყვნენ, ვისაც დადაევი და შავანოვი ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე ხშირად უკავშირდებოდნენ.
ამჟამად დგინდება ნემცოვის მკვლელობაში მათი მონაწილეობის ხარისხი.” - წერს გამოცემა.
,,როსბალტის” წყარო მკვლელობის მოტივად ნემცოვის გამონათქვამებს, ასახელებს, რომელიც ზოგიერთმა ჩეჩენმა მუსულმანების შეუარცხყოფად მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება ,,სევერის” ყოფილმა მებრძოლმა, ბესლან შავანოვმა 8 მარტს, პოლიციის მიერ მისი დაკავების მცდელობისას ყუმბარა ააფეთქა და ადგილზე დაიღუპა.
მისი თანამებრძოლი და რუსი ოპოზციონერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი კი ინგუშეთში დააკავეს და მოსკოვის სასამართლოს გადასცეს.
რუსული გამოცემების ცნობით, მან სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ ნემცოვი მუსულმანების მიმართ გამოქმული ნეგატიური აზრების გამო მოკლა.