20 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (III სართული) გაიმართება სტუ-ის სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება და სტუ-ის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზენტაცია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელმა, სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის სფეროში სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელმა გიორგი მადუაშვილმა აცნობა.
მადუაშვილის განცხადებით, კონფერენცია ერთი თვეს გაგრძელდება (20 აპრილი - 20 მაისი). კონფერენციის I ეტაპი 20 აპრილიდან 8 მაისამდე ჩატარდება, II ეტაპი - 18,19,20 მაისს.
"კონფერენციის I ეტაპზე მონაწილეობს შესაბამისი წესით დარეგისტრირებული ყველა სტუდენტი (ბაკალავრიატის, პროფესიული სწავლების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურის სტუდენტები); კონფერენციის II ეტაპზე მონაწილეობენ ის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ I ეტაპს: ბაკალავრიატის სწავლების საფეხურის მაქსიმუმ 10, პროფესიული სწავლების - 7, მაგისტრატურის - 5 და დოქტორანტურის - 3 სტუდენტი; კონფერენციის II ეტაპზე თითოეულ სექციაში გამოვლინდებიან კონფერენციის გამარჯვებულები: ერთი I, ერთი II და ერთი III ადგილის მფლობელი. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ცალ-ცალკე სწავლების საფეხურების მიხედვით", _ განუცხადა მადუაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი ინფორმაციით, სტუ-ის სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა წარიმართება 28 სხვადასხვა დარგობრივი სექციის მიხედვით: საინჟინრო მექანიკის; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის; ჰიდროსაინჟინრო; ტელეკომუნიკაციის; თბო- და ჰიდროენერგეტიკის; ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკისა და ელექტრომექანიკის; საინჟინრო გეოდეზიის; სამთო ტექნოლოგიის; გეოლოგიის; ნავთობის და გაზის ტექნოლოგიის; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის; მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების; არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის (ურბანისტიკის); არქიტექტურის საფუძვლების და თეორიის; კომპიუტერული ინჟინერიის; საინჟინრო კიბერნეტიკისა და ხელსაწყოთმშენებლობის; ორგანიზაციული მართვის; ფიზიკის; მათემატიკის; მანქანათმშენებლობის; სატრანსპორტო; საგზაო; საინჟინრო გრაფიკის და ტექნიკური მექანიკის; საზოგადოებრივი მეცნიერებების; უცხო ენების და კომუნიკაციის; ეკონომიკის და ბიზნესის მართვის; სამართლის; თეოლოგიის.
სტუ-ის სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
კონფერენციას ორგანიზებას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილება და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება.
დაინტერესებულმა პირებმა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილებას (სტუ-ის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას) _ სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, ოთ.№323, ტელ.: 36-53-51, 8-91-19-17-25.