მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს და პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს, ანა ონიშჩენკოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაუდასტურეს და რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობა აღნიშნეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემეტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. ხაზი გაესვა აღნიშნულ საკითხებზე გამოცდილების სისტემატურად ურთიერთგაზიარების აუცილებლობას.
„ჩვენ ერთად ვმუშაობთ უკრაინის მხარესთან. მომავალ კვირაში იგეგმება ასევე, სამმხრივი შეხვედრა მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს მინისტრთა მოადგილეების დონეზე, რათა შემუშავდეს ერთიანი მიდგომა, როგორც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესში, ასევე, რიგის სამიტისთვის ჩვენი მზადების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ერთნაირი საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები და სამწუხაროდ, მსგავსი საგარეო პოლიტიკური გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს ძლიერი ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.