დევნილები, რომელთა საქმე კომისიამ უკვე განიხილა, საკომპენსაციო თანხას 10 ათასი დოლარის ოდენობით, მაისში მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, კობა სუბელიანმა, პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე გააკეთა, სადაც იგი კომისიის წინაშე სამინისტროში მიმდინარე სამუშაოს შესახებ ინფორმაციით წარდგა.
როგორც სუბელიანი აღნიშნავს, კომპენსაციის მოთხოვნით სამინისტროში არსებობდა 200 პრობლემური განცხადება და აქედან 60 პროცენტი უკვე დაკმაყოფილებულია. დანარჩენებს კი კომისიის დამატებითი მესამე ტურის გავლა მოუწევთ. როგორც სუბელიანი განმარტავს, ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპენსაციის მიღების მიზნით ხდება ფიქტიური განქორწინებები. გარდა ამისა, პრობლემად რჩება ის საკითხი, რომ კომპენსაციას ითხოვენ ისეთი ოჯახები, რომლებიც უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში არ ცხოვრობდნენ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სწორედ ამიტომ, როგორც სუბელიანი აღნიშნავს, კომისია დაწვრილებით სწავლობს განცხადებებს და მხოლოდ შესწავლის შემდეგ აკმაყოფილებს.
რაც შეეხება ნათესავებთან ან ქირით მცხოვრები დევნილების მიერ საცხოვრებლის ნაცვლად საკომპენსაციო თანხის მოთხოვნას, ასეთ შემთხვევაში, სუბელიანის განმარტებით, აქცენტი განსახლებაზე გაკეთდება. სუბელიანი კომპენსაციის გაცემას "დათვურ სამსახურს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხევვაში კომპენსაციის გაცემის შემდეგ ოჯახი თანახს არასწორი მიმართულებით იხმარს, რის გამოც ისევ ქუჩაში რჩებიან. მისი თქმით, სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციები აღნიშნული კატეგორიის დევნილებისთვის კომპენსაციის გაცემაზე ცალსახად უარს არ ამბობენ, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები გამონაკლისი იქნება.