პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს უკეთესი საინვესტიციო გარემოსა შესაქმნელად და ბიზნესის წახალისებისათვის.
,,მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ბიზნესის ხელშეწყობისა და წახალისებისათვის. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველოში კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შევქმნათ და ხელი შევუწყოთ ინვესტიციების შემოსვლას საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს - საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს აქვთ საკმარისი პოტენციალი და შეგვწევს იმის ძალა, რომ მთლიანად რეგიონი ვაქციოთ მნიშვნელოვან მოთამაშედ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ჩამობრძანებისათვის, წარმატებებს გისურვებთ შემდგომ მუშაობაში და მინდა როგორც მთავრობის მეთაურმა გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის”, _აღნიშნა პრემიერმა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს განუმარტა, რომ საქართველოში ნამდვილად არის სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება მაქსიმალურად დაცული კანონისა და სახელმწიფოს მიერ.