ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის შეფასებით, ქირით მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. ამის შესახებ განცხადება სუბელიანმა პარალმენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე გააკეთა, სადაც ანგარიშით წარდგა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
მისი თქმით, აფხაზეთიდან დევნილი ის ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში ქირით ქალაქის ცენტრში ცხოვრობენ, იოლად ვერ შეეგუებიან ქალაქის გარეუბნებში განსახლებას, მაგრამ როგორც მინისტრი აღნიშნავს, ხელისუფლებას არ აქვს იმის საშუალება, რომ ყველა ეს ადამიანი ბინით ქალაქის ცენტრში უზრუნველყოს.
როგორც სუბელიანი აღნიშნავს, ქირით მცხოვრები დევნილებისთვის და ასევე იმ დევნილებისთვის, რომლებიც დღემდე ნათესავებთან ცხოვრობენ, ხელისუფლებისათვის ბინათმშენებლობის პროცესი პრიორიტეტული იქნება, მაგრამ ცალსახად აღნიშნავს, რომ ბინები აშენდება ქალაქის შემოგარენში და არა ცენტრში. სუბელიანი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კატეგორიის დევნილებს რეგიონიდან რეგიონში არ გადაასახლებენ. ამ პროცესში კი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს და აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენელბს თანადგომას სთხოვს.