საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, თეა ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო ტალინის ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში სახელწოდებით „ასოცირება პარტნიორობის საშუალებით”. კონფერენცია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა. კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი წარმატებული ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მაგალითებს ეფუძნებოდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ისაუბრა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის შექმნის პერიოდიდან დღემდე საქართველოს მიერ განვლილ გზაზე და ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებებზე.
ელჩმა ასევე ისაუბრა 2015 წლის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის გახსნის, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას.
ელჩმა, ასევე, ისაუბრა, ევროკავშირის როლზე საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით.
ღონისძიებაზე ევროკავშირის აღმოსავლეთ პოლიტიკის საკითხებზე მომხსენებლის რანგში წარმოდგენილი იყვნენ ესტონეთში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ელჩები, ასევე ესტონეთის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, მარგე მარდისალუ-კაჰარი.