დღეს, 3 მარტს, 18:00 საათზე, თიბისი გალერეაში საქველმოქმედო ფონდის „დაამარცხე სიმსივნე“ პრეზენტაცია გაიმართება.
საქველმოქმედო ფონდი Knock out Cancer - დაამარცხე სიმსივნე კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონმა გიგა ჭიკაძემ დედის, ნინო ჭიკაძის გარდაცვალების შემდეგ დააფუძნა. ფონდის მიზანია სიმსივნით დაავადებული ქალების დახმარება.
ფონდი თანამშრომლობს „გამარჯვებულ ქალთა კლუბთან“, რომელიც ეროვნული სკრინინგ ცენტრის მხარდაჭერით დაარსდა. ფონდი დღემდე ოცამდე სიმსივნით დაავადებულ ქალბატონს დაეხმარა.
ფონდის პრეზენტაციაზე ასევე შედგება მარი ნაკანის და ანი ანდრონიკაშვილის ფოტოპროექტის „ორგანული აბსტრაქციის“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.
შემოსული თანხა გადაირიცხება ფონდის, „დაამარცხე სიმსივნეს“ ანგარიშზე და სრულად მოხმარდება სიმსივნით დაავადებულ ქალბატონებს.
პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრი.