პროკურატურა ივანიშვილთან ერთად კონსტიტუციის „გასაუპატიურებლად“ ემზადება, - განაცხადა დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიგი უგულავამ.
„დაიწყო უკვე მუშაობა პროკურატურამ, რომ სამ კვირაში შემოვარდნენ და ახალი ბრალი წარმიდგინონ. ყველას დაწიოკება დაიწყო, ვისიც კი შეიძლებოდა. ამ ფარსის თანამონაწილე ვიცი, რომ სასამართლოც გახდება. ამათი ლოგიკით მთელი ცხოვრება უნდა ვიყო ციხეში. მერე კიდევ მესამე ცხრა თვიანზე გამიშვებენ.
კონსტიტუციაში გაწერილი ნორმა პროკურატურას ისე ესმის, როგორც უნდა. თქვენც, ბატონო მოსამართლე, ამის თანამონაწილე იქნებით. ვინც არ უნდა იყოს მოსამართლე, ბრალდების შუამდგომლობას, რომლისთვისაც პროკურატურა ემზადება, მაინც დააკმაყოფილებს. ჩემი დაპატიმრება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ჩემი გათავისუფლების საკითხიც პოლიტიკურია. ეს ის მწარე რეალობაა, რომელსაც პროკურატურა და სასამართლო ერთად შექმნის,“ – განაცხადა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე.
პროცესზე, რომელიც უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე მიმდინარეობს, დაცვის მხარემ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძების სახით გირაოს შეფარდების საკითხი დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამავე საქმეზე დაკავებული გიორგი ღონიაშვილი კი, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.