ხვალ, 27 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ვახტანგ ჭაბუკიანის 105 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სასწავლებელი საიუბილეო საღამოს აწყობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად.
ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი მოღვაწეობდა 1910–1992 წლებში.ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის არტისტად მუშაობდა (1929–1941). აქ ის კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა. პ. ჩაიკოვსკის "გედის ტბა"–ში ზიგფრიდის მთავარ პარტიას ასრულებდა.1930 წლის 19 ნოემბერს მას დაეკისრა ლუდვიგ მინკუსის "დონ კიხოტში" ბაზილის პარტია. მისმა პირველმა გამოსვლამ ლენინგრადის მოსახლეობა განაცვიფრა. "დონ კიხოტ"–მა მას სახელი გაუთქვა. 1941 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდა ბალეტმაისტერად.1958 წლის 12 მარტს მოსკოვში ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადა დაიწყო. დიდ თეატრში "ოტელოს" პრემიერა შედგა. ეს იყო ქართული ხელოვნების ტრიუმფი.