26 თებერვალს,19:00 საათზე, თიბისი გალერეაში მხატვარ მაკა ბატიაშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით “სათამაშო მოედანი” გაიხსნება.
„სათამაშო მოედანი“ მაკა ბატიაშვილის უახლესი ფერწერული ნამუშევრების სელექციაა. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ 2014 წლიდან დღემდე შესრულებული ნამუშევრები.
მხატვრის ინსპირაციის წყარო და გამოფენის კონცეფცია ფიგურების თამაშია.
“თამაში იწყება ბავშვობიდან და გრძელდება ცხოვრების ბოლომდე , ის ვლინდება მრავალფეროვანი ფორმებით და ყოველთვის გარკვეულ მიზანს ისახავს. ბავშვობაში ჩვენ გვჭირდება სათამაშოები, რომლებსაც მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში სხვა, უფრო ძვირადღირებული საგნებით ვცვლით. ასევე ვირგებთ როლებს, რომლებიც მოგვწონს და ჩვენი ნამდვილი სახის შესანიღბად გვჭირდება. ჩვენ სწორედ თამაშით ვაბალანსებთ და ვაკონტროლებთ ჩვენს ქცევებს და ემოციებს იმ სამყაროში, რომელშიც დავიბადეთ და ამას ვერსად გავექცევით,” - ასე ხსნის თამაშს, როგორც მისი ინსპირაციის წყაროს, მაკა ბატიაშვილი.
მაკა ბატიაშვილი დაიბადა 1975 წელს. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 1992 - 1997 წლებში ბატიაშვილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. ძირითადად მუშაობს გრაფიკასა და ფერწერაში. ვიდეო და ფოტოგრაფია მისი ინტერესის სფეროებია.
მაკა ბატიაშვილი არაერთი პერსონალური გამოფენის ავტორია როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ჰქონდა პერსონალური გამოფენები ნიდერლანდებში, ჩეხეთში, საფრანგეთში, ლიტვასა და გერმანიაში. თბილისში მის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა გალერეები მასპინძლობდნენ. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში მათ შორის Arundel Art Room Gallery, არუნდელი, დიდი ბრიტანეთი; გალერეა ნათი (Nati Gallery), ლონდონი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.
გამოფენა თიბისი გალერეაში 6 მარტამდე გაგრძელდება.