,,ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) მინისტრების შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროვებს. ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მაღალანაზრურებადი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებისა და სხვადასხვა სამინისტროს ვებ-გვერდებზე პრაქტიულად განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე IDFI შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად შესაბამისობაშია მინისტრების სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები პრემიერის 2014 წლის 21 იანვრის N18 ბრძანებით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებასთან, რომლის მიხედვითაც მინისტრის წლიური შემოსავალი განსაზღვრულია 75 000 (ხელზე 60 000) ლარის ოდენობით.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები აისახება წინა წლის მდგომარეობით. შესაბამისად, 2014 წლის განმავლობაში, მინისტრის შემოსავლები საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მინისტრების შემთხვევაში, რომლებსაც 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე აქვთ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაცია.
როგორც ირკვევა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 2014 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს 87 500 ლარი (ხელზე 70 000 ლარი), აღნიშნული თანხიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 75 000 ლარი წარმოადგენს მის თანამდებობრივ სარგოს და პრემიერ– მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სახელფასო დანამატს, ხოლო დანარჩენი (12 500 ლარი) იუსტიციის მინისტრს მიღებული აქვს პრემიის ან სხვა დანამატის სახით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოსა და პრემიერ–მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელფასო დანამატის გარდა, თითოეულს 2014 წლის განმავლობაში მიღებული აქვს 6 250 ლარის ოდენობის პრემია ან სხვა დანამატი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძესა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს 2014 წლის განმავლობაში პრემია არ მიუღიათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის მიერ 2014 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები დაკავშირებულია მინისტრის მოადგილედ მოღვაწეობის პერიოდთან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის N18 ბრძანებით, მინისტრებს ყოველთვიური სახელფასო დანამატი 4 435 ლარიდან შეუმცირდათ 2710 ლარამდე. შესაბამისად, 2014 წლის იანვრის თვის შემდგომ მინისტრის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება თანამდებობრივი სარგოს (3540ლარი) და სახელფასო დანამატის (2710 ლარი) სახით ჯამში 6 250 ლარის ოდენობით (ხელზე 5 000 ლარი) განისაზღვრა.