შვიდ ქართულ ადგილწარმოშობის დასახელებაზე ყირგიზეთის საპატენტო უწყებამ სარეგისტრაციო მოწმობა გასცა. ახაშენის, წინანდალის, მუკუზანის, ნაფარეულის, ქინძმარაულის, ტვიშის და ხვანჭკარას დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება, ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, „ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭა.
როგორც ”საქპატენტში” განმარტავენ, უწყებამ აღნიშნულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე ”ყირგიზპატენტში” განაცხადი 2014 წლის 31 მარტს შეიტანა. სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ, ყირგიზეთის რესპუბლიკის ადგილწარმოშობის დასახელების სახელმწიფო რეესტრში ხვანჭკარას, ტვიშის და კიდევ 5 დასახალებაზე რეგისტრაციის ვადა 10 წლით, 2024 წლის 31 მარტამდე განისაზღვრა.
”საქპატენტში” აცხადებენ, რომ ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა, როგორც ყირგიზეთში, ასე სხვა ქვეყნებში გავლენას მოახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რეგიონის შემოსავლების გაზრდასა და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე.