პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე არ გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან გამართული კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე რიგგარეშე სხდომის მოწვევა მიზანშეწონილი არ არის.
,,ეკონომიკური გუნდის მინისტრები ახლა ინტენსიურად მუშაობენ სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელიც საქართველოში იმყოფება და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დასრულებისთანავე, ქართულ საზოგადოებას წარმოუდგენენ სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით გასატარებელი მოკლე და საშუალოვადიანი ქმედებების გეგმას. სავალუტო ფონდის მისია საქართველოდან 4 მარტს მიდის, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ 5 მარტამდე უნდა მივცეთ დრო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რათა ძალიან კონკრეტულად წარმოუდგინოს საზოგადოებას თავიანთი ხედვა არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტისგან რიგგარეშე სხდომის მოწვევას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა.
"თავისუფალი დემოკრატები” და „ნაციონალური მოძრაობა” მთავრობისგან ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმის წარდგენას და მოსახლობის კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვს.