საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წევრებს 2014 წელს განხორციელებული მასშტაბური სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა და 2015 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.
მინისტრის განცხადებით, უწყებამ გასულ წელს, მისი არსებობის განმავლობაში, ყველაზე მეტი - დაახლოებით, 890 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. 2014 წელს ქვეყნის მასშტაბით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმიური ბიუჯეტი 875 მილიონი ლარი, წლის განმავლობაში 60.7 მლნ-ით გაიზარდა და საბოლოო ბიუჯეტმა 935.7 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაზრდილი ბიუჯეტის 95% აითვისა. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 380-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.
2014 წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საგზაო ინფრასტრუქტურას. განხორციელდა ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ტურისტული და კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია. დამონტაჟდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული 82 ამბულატორია. მოეწყო და მოწესრიგდა ნაგავსაყრელები. იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემას, სარწყავ არხებს. განხორციელდა სტიქიის შედეგების სწრაფი ლიკვიდაცია და მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები.
გასულ წელს, ჯამში, მოძრაობა 40,1 კმ ჩქაროსნულ გზაზე გაიხსნა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 303,5 კმ საავტომობილო გზასა და 43 ხიდს. აშენდა 11 ახალი ხიდი.
დაიწყო წყალმომარაგების ახალი პროექტების განხორციელება, რომელთა დასრულების შემდეგ, 300 ათასზე მეტი ადამიანი - ანაკლიაში, მესტიაში, ურეკში, შეკვეთილში, ფოთში, ქუთაისსა და ზუგდიდში, 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. 24 მუნიციპალიტეტის 100 ათასზე მეტ მცხოვრებს კი წყალმომარაგება გაუუმჯობესდება.
მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითაც. 2014 წელს დასრულდა 11 პროექტი, ჯამური ღირებულებით-13.5 მლნ ლარი. გასულ წელს შემუშავდა როშკა-არხოტის გზის მშენებლობისთვის საჭირო პროექტიც. გზის მშენებლობა წელს დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ მშობლიურ მხარეში 30-ზე მეტი ოჯახი აპირებს დაბრუნებას.
კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლოატაციო რეჟიმში შევიდა 19 პრიორიტეტული ნაგავსაყრელი, ჯამური ღირებულებით - 7.3 მლნ. ლარი. 2014 წელს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად განხორციელდა 82 მლნ ლარის ღირებულების 20 პროექტი. 17 ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა ფოთსა და ზუგდიდში - ბინები გადაეცა 586 ოჯახს. ყოფილი საავადმყოფოების შენობების რეაბილიტაცია განხორციელდა ბორჯომში, კასპსა და ქუთაისში - პირობები გაუუმჯობესდა 240 ოჯახს. იძულებით გადაადგილებულთა 14 კოტეჯურ დასახლებაში სანიაღვრე და წყალარინების სისტემების, 16 სოფელში წყალსადენი სისტემისა და სადრენაჟე არხების, 10 კომპაქტურ დასახლებაში კი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა. საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა 1483 ოჯახს.
2014 წელს 45,4 მლნ ლარის ღირებულების ნაპირდაცვითი ღონისძიებები 30 ობიექტზე განხორციელდა.
სამუშაოები გააქტიურდა თეთნულდის სათხილამურო კურორტზე; დაიწყო ჭიათურის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო საშუალების - საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტირება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში 7500-ზე მეტი საშუალო და მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
ეს მცირედი ჩამონათვალია იმ თემებისა და საკითხებისა, რომელზეც მინისტრმა დავით შავლიაშვილმა ყურადღება გაამახვილა. ანგარიშის პრეზენტაციას, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წევრები, თვითმმართველი ქალაქის მერები, ასევე სხვადასხვა დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.