დღეს, 15 აპრილს, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდება. სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მას სახელმწიფო აფინანსებს. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და საგამოცდო დრო დაადგინა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა 2 აპრილს ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.
მათი თქმით, საწყის ეტაპზე პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხო ენაში, ასევე უნარ-ჩვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოცდებში მონაწილეობის მიღება ამ დისციპლინების 20 000-მდე მასწავლებელს შეეძლო. ამ დროისთვის, დაფიქსირებულია მასწავლებელთა მაქსიმალური აქტივობა, გამოცდებზე გასვლის სურვილი გამოთქვა და რეგისტრაცია გაიარა 10 720-მა მასწავლებელმა, რაც მათი თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ რეალურად მასწავლებლებს სურთ კვალიფიკაციის ამაღლება და სახელმწიფო მათ ყოველმხრივ უწყობს ხელს. გამოცდები ჩატარდება ივლისში.
"თითოეული გამოცდისთვის ბარიერი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საცდელი ტესტირებების შედეგების ფსიქომეტრული ანალიზით დადგინდა. სერტიფიკატის მისაღებად თითოეულ გამოცდაში პედაგოგმა მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ტესტების მაქსიმალური ქულა შემდეგნაირად განისაზღვრა: პროფესიული უნარების ტესტი - 80 ქულა; ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი - 80 ქულა; უცხოური ენების ტესტი - 120 ქულა; მათემატიკის ტესტი - 70 ქულა", - განაცხადა შაშკინმა.
სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილე პედაგოგებს პროფესიული უნარებისთვის, ქართული ენისა და ლიტერატურისთვისა და მათემატიკის ტესტებზე მუშაობისთვის 5, ხოლო უცხო ენის გამოცდისთვის 3 საათი და 15 წუთი მიეცემათ. საგნობრივი ტესტების დაახლოებით 40% საგნის სწავლების მეთოდიკას, ხოლო 60% საგნის ცოდნას მოიცავს.
პედაგოგებს, რომლებიც ბარიერს გადალახავენ, ხელფასი მოემატებათ და ისინი მენტორ მასწავლებლად იმუშავებენ, რაც 160-ლარიან დანამატს გულისხმობს.