ხვალიდან, 15 აპრილიდან, თბილისის შვიდ საჯარო სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოების დამცველი მანდატურის თანამდებობა ამოქმედდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, მანდატურები 1-ელ ექსპერიმენტულ, მე-11, 23-ე, 24-ე, 51-ე, 52-ე და 117-ე სკოლებში შევლენ და მოვალეობის შესრულებას შეუდგებიან.
მანდატურებს პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შსს აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე თავად წარუდგენენ, რისთვისაც ისინი 117-ე საჯარო სკოლას ეწვევიან.
"მინისტრი კიდევ ერთხელ განუმარტავს მათ ამ ახალი ინიციატივის მნიშვნელობას. თავიანთ მომავალ საქმიანობაზე ისაუბრებენ მანდატურები და აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებენ", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ექვს საჯარო სკოლაში მანდატურებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები წარადგენენ.