14 აპრილს, დედა ენის დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული ბავშვები გამოვლინდნენ და სიგელები და საჩუქრები მიიღეს. კონკურსში გამარჯვებული დევნილი ბავშვები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა პირადად დააჯილდოვა და პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
კალიგრაფიის კონკურსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა. მასში 10 000 ბავშვი მონაწილეობდა. აქედან მესამე ეტაპზე 119 მოსწავლე გავიდა, რომლებმაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისგან თუ ორგანიზაციებისგან ფასიანი საჩუქრები მიიღეს.
კონკურსი „ქართული კალიგრაფია" ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „წამის" ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში ხელით წერის კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების V-XII კლასის მოსწავლეები, პროექტში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც.
კობა სუბელიანმა ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ პერსონალური კომპიუტერები მათთვის სწავლის წამახალისებელი უნდა იყოს: „ჩვენ წავახალისეთ ბავშვები, რომ უფრო კარგად ისწავლონ. კომპიუტერების მიღების საფუძველი უნდა იყოს ბეჯითობა და ბეჯითი მეცადიენობა. დევნილი მოსახლეობაა თუ ადგილობრივი ამას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ დევნილობის მომენტს ვითვალისწინებთ და მათ ასეთ შრომას მეტად ვაფასებთ, რადგან უჭირთ და ნაკლები პირობები აქვთ. იმედი გვაქვს, რომ ეს კომპიუტერები მათ უნარებისა და თვისებების გამოვლენაში გამოადგებათ."