3 თებერვალს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილე აღინიშნება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შოთა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, საღამოს 7 საათზე, საიუბილეო საღამო გაიმართება. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ევროპაში მოღვაწე ქართველი მსახიობი რევაზ ჩხიკვიშვილი ეწვევა, რომელიც საღამოს წარუძღვება. მის გარდა ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო მეტონიძე, ეკა მამალაძე, დავით მაზანაშვილი, გია ჭირაქაძე და ანსამბლი „დიელო". იქვე გაიმართება ფოტოგამოფენა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული წიგნის - „ბორის პაიჭაძე - 100" პრეზენტაცია.
საიუბილეო საღამოს ბორის პაიჭაძის ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები, ოფიციალური პირები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, თბილისის და ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ბორის პაიჭაძე 1915 წლის 3 თებერვალს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ოჭინკეთში დაიბადა.
1936-1951 წლებში ის თბილისის „დინამოს" თავდამსხმელი გახლდათ, 1953-1954 წლებში კი გუნდის მთავარი მწვრთნელი.
1939 და 1940 წლებში ბორის პაიჭაძე სსრკ ჩემპიონატის ვერცხლის, 1936, 1946 და 1947 წლებში კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. თბილისის „დინამოს" მაისურით სამჯერ ითამაშა საკავშირო თასის ფინალში.
1944 წელს ბორის პაიჭაძეს სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა, 1941 წელს ღირსების, ხოლო 1957 წელს შრომის წითელი დროშის ორდენებით დაჯილდოვდა.
ლეგენდარული ფეხბურთელი 1990 წლის 9 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.
1991 წელს ეროვნულ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა, ხოლო 2001 წლის 26 მარტს, სპეციალურმა კომისიამ ბორის პაიჭაძე საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.