დღეს, 14 აპრილს, 13:00 საათზე, დედაენის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, ბოლნისის რაიონის სოფელ მამხუტის არაქართულენოვან საჯარო სკოლას ეწვევა.
აფხაზეთიდან დევნილი, მათ შორის ეთნიკურად აფხაზი ბავშვები და აზერბაიჯანელი თანატოლები ერთობლივ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას წარმოადგენენ და სპორტული შეჯიბრებებს გამართავენ. სკოლის ეზოში ქართველი და აზერბაიჯანელი თანატოლები მეგობრობის სიმბოლოდ მარადმწვანე ხეს დარგავენ, რის შემდეგაც VI-VII საუკუნით დათარიღებულ დარბაზული ტიპის მამხუტის ეკლესიისკენ ერთობლივ ლაშქრობა მოეწყობა.
აღნიშნული ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის "სასკოლო პარტნიორობის" ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია, აფხაზი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების დამეგობრება. არაქართულენოვან ახალგაზრდებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავება და მათი ინფორმირება კონფლიქტის ზონაში ქართულ ენის სწავლების პრობლემებთან დაკავშირებით.