ცხინვალის რეგიონში მყოფმა ნიკარაგუას დელეგაციის წევრებმა "ცხინვალის დამცველთა ხსოვნის მემორიალთან" სახელწოდებით "მგლოვიარე ანგელოზი" გვირგვინები მიიტანეს. ნიკარაგუას დელეგაციას ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოს ლოპესი ხელმძღვანელობს.
სეპარატული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, მემორიალის გვირგვინებით შემკობის შემდეგ ნიკარაგუას დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს "2008 წელს ქართული აგრესიის შედეგად დამწვარი სამხრეთ ოსეთის პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობები".
შეგახსნებთ, რომ ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაცია ცხინვალის რეგიონში გუშინ ჩავიდა. ხვალ, 15 აპრილს კი ნიკარაგუას დელეგაცია საქართველოს მეორე სეპარატისტულ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონს აფხაზეთს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოს ლოპესი ასევე გვირგვინებით შეამკობს სოხუმის ცენტრში მდებარე "დიდების მემორიალს", რომელიც 1992-1993 წლებში მიმდინარე ქართულ-აფხაზურ კონფლიქტად წოდებულ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ სეპარატისტთა და დაქირავებულ ბოევიკთა ხსოვნის უკვდავსაყოფად დაიდგა.