საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში ახალი სპეციალიზირებული სტრუქტურული დანაყოფის - „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის" შექმნა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურაში შესულია ათასობით განცხადება სამართალწარმოების განხორციელების პროცესში მოქალაქეების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური დ ღირსების შემლახავი მოპყრობის, იძულების, აგრეთვე ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტების არსებობის შესახებ. აღნიშნულ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს, სწორედ ამ ვალდებულების შესასრულებლად იქმნება ხსენებული დეპარტამენტი.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ახლადშექმნილი დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც ზემოთ მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, ასევე გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.
მთავარი პრკურატურის ცნობით, ახლადშექმნილი დეპარტამენტის მომავალი მიზნების, ამოცანების და საქმიანობის გეგმების შესახებ საზოგადოებას ახლო მომავალში ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება. თებერვლის თვეში გაიმართება საჯარო პრეზენტაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.